შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 174

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0




შაბათი, 18.11.2017, 03:46
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოდი ვისაუბროთ
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ბუდიზმი
უკანასკნელი ვარსკვლავი გაქრა 
და დაიბადა ახალი ადამიანი

ქრისტეს დაბადებამდე 5 საუკუნით ადრე ინდოეთში ქვეყნიერებას მოევლინა პრინცი გაუტამა სიდხარტხა. მოხუც მეფეს ძლიერ გაუხარდა ერთადერთი მემკვიდრის დაბადება და მაშინდელი ტრადიციისამებრ, ქვეყნის ყველა კუთხიდან მოიწვია უძლიერესი ვარსკვლავთმრიცხველნი, რათა გამოეთვალათ მომავალი ხელმწიფის სვე-ბედი. თითქმის ყველა ასტროლოგმა ერთი და იგივე პასუხი მოახსენა ხელმწიფეს: (არადა, მათი რიცხვი 300-ს აღემატებოდა) "შენს ძეს ორი შესაძლებლობა აქვს ამ ცხოვრებაში მეფეო, - უთხრეს მათ, - პრინცი გაუტამა ან დიდი იმპერატორი გახდება, მთელი მსოფლიოს მბრძანებელი, ან მიატოვებს ქვეყნიერებას, რათა ეძიოს ჭეშმარიტება და მსოფლიოს უდიდესი გასხივოსნებული მოძღვარი იქნება”. მხოლოდ ერთმა ახალგაზრდა, მაგრამ ნიჭიერმა ასტროლოგმა თქვა: "არა, მეფეო, ეს ადამიანი ძალიან დიდხანს, მრავალი სიცოცხლის განმავლობაში ეძებდა. მისი დრო უკვე დადგა, ეს უეჭველად გასხივოსნდება, სხვა შესაძლებლობა არ არსებობს”. 
მეფე ძალიან დააღონა ამ ამბავმა. მას ტახტის მემკვიდრე ჭირდებოდა და არა განდეგილი. მაშინ მოცუხმა ვეზირმა დაამშვიდა იგი და ურჩია: "ისე გაზარდე შენი შვილი, რომ არ იცოდეს არაფერი გაჭირვებაზე, ავადმყოფობაზე, სიბერეზე, სიკვდილზე, ნუ გააკარებთ იმ ადამიანებს, ვინც უფრო მეტს ეძებენ, ვიდრე ამქვეყნიური სიცოცხლეა; თუ ასე მოიქცევი, ის არასდროს ჩაუფიქრდება ყოფიერებას და არც სასახლეს მიატოვებს”.
მეფე ასეც მოიქცა. აუშენა თავის შვილს სამი ულამაზესი სასახლე წელიწადის სამი სეზონისათვის. პრინც გაუტამას გარს ეხვივნენ მთელი სამეფოს ულამაზესი ქალები, ყველა მისი სურვილი სრულდებოდა. ჰქონდა საუკეთესო საჭმელი, ასობით მსახური, უზარმაზარი ბაღები. მეფე ზრუნავდა, რომ მის შვილს არ დაენახა არც ხმელი ფოთოლი, არც დამჭკნარი ყვავილი; ბრძანება გასცა ღამღამობით გაეწმინდათ ამ ყველაფრისაგან ბაღები. 
ვინც ავად გახდებოდა, ეკრძალებოდა პრინცის წინაშე გამოჩენა. არასდროს უნახავს არცერთი ავადმყოფი, მოხუცი, მიცვალებული 29 წლის განმავლობაში. 29 წელი ჩაფლული იყო ფუფუნებაში. მუსიკა, ქალები, ღვინო. . . მეფე კმაყოფილებას ვერ მალავდა, როცა პრინცმა გაუტამამ ცოლი შეირთო. ამოირჩია ულამაზესი და კეთილშობილი წარმომავლობის ასული. სწორედ ამის შემდეგ მეფეს შეეძლო მშვიდად ყოფილიყო.
წელიწადში ერთხელ სამეფოში დიდი დღესასწაული იმართებოდა და, ტრადიციისამებრ, ტახტის მემკვიდრეს უნდა გაეხსნა ზეიმი. თადარიგი წინასწარ დაიჭირეს. სადაც გაუტამას ეტლს უნდა გაევლო, გზები   გაიწმინდა მოხუცებისა და ავადმყოფებისაგან. მჭიდროდ ჩამდგარი მეომრები დარაჯობდნენ პრინცის უშფოთველ სიცოცხლეს, მაგრამ, როგორც ლეგენდა ამბობს, თვით უზენაესი ღმერთი შეწუხდა იმის გამო, რომ სამყარო კარგავდა გასხივოსნებულ ადამიანს. . . და იგი თავისი სასწაულთმოქმედი ძალით ჩაერია პრინცის ცხოვრებაში. 
სამეფო ეტლის ახლოს ავადმყოფი გამოჩნდა ციებ-ცხელებით აცახცახებული. პრინცმა დაინახა იგი და ჰკითხა მსახურს, თუ რა მოუვიდა ამ ადამიანს, მსახურმა უპასუხა:"მართალია, აკრძალული მაქვს შენთან ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორ შეიძლება უფლისწულის მოტყუება? ეს ადამიანი ავად არისო". პრინცმა იკითხა, თუ რას ნიშნავდა ავად ყოფნა; ვეზირმაც აუხსნა.
შემდეგ გამოჩნდა მოხუცი, შემდეგ – პროცესია, რომელიც მიცვალებულს მიასვენებდა. მსახური იძულებული გახდა ამ მოვლენების არსიც აეხსნა პრინცისათვის. "ეს ყველაფერი მეც დამემართება?” – იკითხა მან და ამ დროს მოხეტიალე განდეგილი ბერი დაინახა. "ეს ვიღა არის?” – კითხვას კითხვა მოჰყვა. "ეს არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრების ამაოება შეიცნო. გამოსცადა ტანჯვა, წვალება, ავადმყოფობა, სიბერე, სიკვდილი, განუდგა ცხოვრებას და ახლა ცდილობს იპოვოს რაიმე მარადიული, უკვდავი, უხრწნელი, ჭეშმარიტებას ეძებს,” – უპასუხა ვეზირმა.
ნახულმა და გაგონილმა სულით ხორცამდე შეძრა პრინცი გაუტამა. იმავე ღამეს მიატოვა მამამისის სასახლე, ცოლშვილი და ჭეშმარიტების საძებნელად გაემართა. ესაუბრა უამრავ ბრაჰმანს (სასულიერო პირი), წაიკითხა უამრავი სასულიერო ლიტერატურა და ასკეტურ ცხოვრებას მიჰყო ხელი რამდენიმე მისნაირ მაძიებელთან ერთად. ტანზე ძონძები ემოსათ, საათობით ისხდნენ მზის გულზე და იმეორებდნენ მანტრებს (ლოცვები). თვეობით შიმშილობდნენ და მხოლოდ ციდან ჩამოვარდნილი ფრინველის სკინტლით იკვებებოდნენ. ამ ყოფაში დაჰყვეს ექვსი წელიწადი. 
ერთხელაც ასკეტი გაუტამა მდინარეში ჩავიდა საბანაოდ. მდინარე პატარა იყო. არც ეთქმოდა მდინარე, მაგრამ ისეთი   დასუსტებული იყო შიმშილისაგან, რომ ვეღარ ამოვიდა წყლიდან და ნაპირზე გამოშვერილ ხის ფესვს ჩაეჭიდა, დინებას რომ არ წაეღო. 
"ექვსი წელია ძიებაში ვარ, - გაიფიქრა მან, - რას მივაღწიე? ამ პატარა მდინარესაც ვერ მოვრევივარ და ცხოვრების ოკეანეს როგორ გავუმკვლავდები? ამაოა ეს ყველაფერი, უაზროდ ვკარგავ სიცოცხლეს. . . " მდინარეზე ნავი მოცურავდა, ნავში მსხდომი მუსიკის მასწავლებელი არიგებდა მოსწავლეს: "სიტარაზე სიმები საჭიროზე მეტად რომ მოჭიმო, მუსიკა არ გამოვა. ვერც მაშინ დაუკრავ, საჭიროზე ნაკლებად რომ მოჭიმო. . . " ამ სიტყვებმა გაუტამას გონება გაუნათა, ის სწორ გზას მიხვდა. ამოფორთხდა ნაპირზე, დაჯდა ხის ძირში და დაიძინა უშფოთველი, უზრუნველი ძილით, ხოლო განთიადზე უკანასკნელი ვარსკვლავის გაქრობასთან ერთად ძველი ადამიანიც გაქრა და დაიბდა ახალი ადამიანი – ბუდა. ბუდა არ არის საკუთარი სახელი, ეს ადამიანის სულიერი   მდგომარეობის გამომხატველი სიტყვაა და ნიშნავს "უზენაესი შემეცნებით გასხივოსნებულს”. 
40 წელიწადი დადიოდა გაუტამა-ბუდა ქალაქებსა და სოფლებში. ქადაგებდა, იკრეფდა მოსწავლეებს და ასწავლიდა მათ ჭეშმარიტების შემეცნების გზას. 
იმ პერიოდში ინდოეთში ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორც იუდევლებში ქრისტეს მოსვლის დროს. სულიერი ცოდნა და ტაძრები ბრაჰმანებს ეპყრათ ხელთ და როგორც აწყობდათ, ისე ატრიალებდნენ მათ. ღვთისმსახურება და რიტუალები სიმდიდრის მოსახვეჭად უნდოდათ მხოლოდ, ჯოჯოხეთით დაშინებულ ხალხს ცინცლავდნენ შესაწირავებს, სასუფეველში ვერც თვითონ შედიოდნენ და სხვებსაც ურევდნენ გზა-კვალს. 
ქრისტესგან განსხვავებით,Kბუდას არ დაუწყია გამრუდებული გზების გასწორება და თეოლოგიური კინკლაობა. მან რადიკალური გზა აირჩია: "ვედები და უპანიშადები (წმინდა წერილები) სისულელეა, ბრაჰმანები შარლატანები არიან და საერთოდ, ღმერთი, როგორც პიროვნება, არ არსებობს, - თქვა მან – არსებობს ქვეყნიერება,- ილუზიების სამყარო, რომლის საქმეები – კეთილი თუ ბოროტი, საბოლოო ჯამში, მაინც ტანჯვაა და სიკვდილი; ადამიანს კი შეუძლია ამ ილუზიისგან გათავისუფლდეს, შეიმეცნოს ჭეშმარიტება, გასხივოსნდეს და გადავიდეს ნირვანაში, ანუ ცნობიერების მდგომარეობაში, სადაც აღარ არსებობს დრო, საზრუნავი, ტანჯვა და სიკვდილი. ბუდას სწავლება კონცენტრირებულია ადამიანზე, მის ფსიქოლოგიაზე, ამქვეყნიური სატანჯველისაგან გადარჩენის მეთოდებზე. თითოეულ ადამიანს ბუდა ინდივიდუალურად უდგება. არა აქვს დოგმები, წესები. თავის მოსწავლეებს ის ინდივიდუალურად უნიშნავდა თვითგანჭვრეტისა და ცნობიერების გათავისუფლების მეთოდებს (მედიტაციებს). ბუდისტურ გადმოცემებში 900-ზე მეტი ასეთი მედიტაციაა აღწერილი. 
რაც შეეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ გასხივოსნებას არ შეეხებოდა, მაგალითად; როგორ და როდის შეიქმნა სამყარო, როდის იქნება მისი დასასრული, როგორ არის ის აგებული, სად არის სამოთხე და ჯოჯოხეთი და მისთანანი, ბუდა დუმილით პასუხობდა. ეს დუმილი გადმოცემებში "დიადი დუმილის” სახით არის ცნობილი. "ადამიანი, რომელიც ინტერესდება ამ სისულელით, მაგონებს ადამიანს, რომელსაც ისარი მოხვდა და იმის მაგივრად რომ ამოეღო ეს ისარი და ჭრილობა შეეხვია, გაიქცა და იმის გამორკვევა დაიწყო, ვინ ესროლა ისარი და რატომ, ვინ დაამზადა ეს ისარი, რა ტექნოლოგიით და ა.შ. ამასაობაში კი ის სისხლისგან დაიცალა და მოკვდა”, - ამბობდა ბუდა. გარკვეული თვალსაზრისით, ბუდას მოძღვრება არც არის რელიგია. მასში ვერ იპოვით ვერც მსოფლმხედველობას და ვერც ფილოსოფიას. ეს უფრო არის მეცნიერება სულის გადარჩენის შესახებ და, როგორც მეცნიერი, ბუდა უდიდესი ფსიქოლოგია მსოფლიოში. ის აგრეთვე უბედნიერესი ადამიანიც არის, რადგან მან სიცოცხლეშივე იხილა თავისი შრომის ნაყოფი – გასხივოსნებული მოსწავლეები. 
რაც შეეხება ბუდიზმს, ეს ცალკე სასაუბრო თემაა. გაუტამა ბუდას გარდაცვალების შემდეგ მისმა მოძღვრებამ და სწავლებამ გარდაუვალი ტრანსფორმაცია განიცადა: დაიყო სხვადასხვა მიმდინარეობებად. მიიკერა სხვა რელიგიებისგან რიტუალები და დოგმები, შექმნა თავისი კოსმოლოგია, ანუ იმ შეკითხვებზე დაიწყო პასუხის გაცემა, რაზედაც ბუდა დუმილს ამჯობინებდა. მოკლედ, "ბუდიზმად" გადაიქცა.
დღეს ცნობილია ბუდიზმის ორი მიმდინარეობა: თხინაიანა (პატარა ბორბალი) და მახაიანა (დიდი ბორბალი). თხინაიანა "გადარჩენის ვიწრო ბილიკს” ნიშნავს. თხინაიანას ძირითად მოთხოვნებში შედის- უარის თქმა ქვეყნიერებასთან ყოველგვარ კავშირზე, ანუ სამონასტრო ცხოვრება და ძლიერი სულიერი მობილიზაცია, ასკეტიზმი რაც საკმაოდ რთული შესასრულებელია.
მახაიანა (დიდი ბორბალი) იმდენად განსხვავდება თხინაიანასგან, რომ ბევრი მას სხვა რელიგიად ან "გამრუდებულ” ბუდიზმადაც მიიჩნევს. მახაიანა გაცილებით ადვილი აღსაქმელია გონებისთვის და ადვილი შესასრულებელი. ამის წყალობით ის ფართოდ გავრცელდა მთელ ინდოეთში და შემდგომ აზიის უმეტეს რეგიონებში. ტიბეტში ჩამოყალიბდა დალაი-ლამას ინსტიტუტი.   დალაი-ლამები ითვლებიან სულიერი მასწავლებლის – ბოთხისატვა ავალოკიტეშვარის - რეინკარნაციებად. ლამები ირწმუნებიან, რომ დალაი-ლამას სიკვდილის მომენტში მისი სული გადასახლდება მის მიერ შერჩეულ ახალშობილში, რათა ბერებმა წაიყვანონ, აღზარდონ და დააყენონ თავიანთ დალაი-ლამად – ტიბეტის უმაღლეს სულიერ და ადმინისტრაციულ მმართველად. 1959 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავს დაესხა ტიბეტს და   დაიპყრო იგი. XIV დალაი-ლამა – ავგან ლობსან დანძიან-ჩამცო ინდოეთში გაიქცა. იგი დღემდე დევნილია და პოლიტიკური გზებით ცდილობს ხელისუფლების დაბრუნებას.
ბუდიზმში არის შტო, რომელიც იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას; ეს გახლავთ ჩან ბუდიზმი. მისი დამაარსებელია ლეგენდარული პიროვნება- ბოდხიდხარმა. მან მაშინ დაიწყო ჭეშმარიტების ძიება, როდესაც ბუდიზმი დამყაყებულ, პოლიტიზირებულ რელიგიად გადაიქცა. მიხვდა რა, რომ ვერაფერს მიაღწევდა ნაირფეროვანი რიტუალების შესრულებით, თვითონ შეისწავლა ბუდას მოძღვრება და დაიწყო მედიტაცია. ამისთვის უნდა მჯდარიყო ლოტოსის პოზაში მოდუნებული, ნახევრად მოხუჭული თვალებით და მოეხდინა გონების კონცენტრაცია სუნთქვაზე, მაგრამ აი უბედურება, ბოდხიდხარმას თვალები ეხუჭებოდა და იძინებდა. ყველა ცდა ამაო იყო. მაშინ გამწარებულმა მაძიებელმა მოიგლიჯა თვალის ქუთუთოები და გადაყარა. მისმა შეუპოვარმა ხასიათმა შედეგი გამოიღო. ბოდხიდხარმა გასხივოსნდა. 
როგორც ყველა გასხივოსნებულმა ოსტატმა, მანაც დაიწყო მოსწავლეების   ძებნა, მაგრამ ინდოეთში არავის აინტერესებდა ჭეშმარიტება. ამიტომ მან ჩინეთს მიაშურა. ჩინეთში გასხივოსნებულ ოსტატს უამრავმა მაძიებელმა მიაშურა, მაგრამ ბოდხიდხარმა დაჯდა პირისპირ კედელთან   და ზედაც არავის უყურებდა. "არ არის განსხვავება, - თქვა მან, - რაღა კედელს ველაპარაკო და რაღა თქვენ.” ასე იჯდა,სანამ ერთი ჭაბუკი არ მიუახლოვდა. მან მოიჭრა მარჯვენა ხელი და წინ დაუდო ბოდხიდხარმას. "აჰა, ჩემი ხელი, მიიღე ჩემგან ძღვნად. თავსაც მოვიჭრი თუ არ მობრუნდები!” – შესძახა ჭაბუკმა. მაშინ გაიცინა ბოდხიდხარმამ და მობრუნდა. "ვისაც შეუძლია მარჯვენა ხელი გაიღოს ჭეშმარიტებისათვის, ის ღირსია გადარჩენის”, - თქვა მან.
ასე ჩაეყარა საფუძველი ჩან ბუდიზმს ("ჩან” ნიშნავს "კონცენტრაციას” ჩინურად). ბოდხიდხარმას მკაცრი და შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა. ის უკომპრომისო იყო მოსწავლეებთან დამოკიდებულებაში. თუ გაუტამა ბუდა თვლიდა, რომ ბუდისტს არ უნდა ეპასუხა აგრესიაზე აგრესიით გინდაც მოეკლათ, ბოდხიდხარმა სხვა აზრისა იყო. ის ამბობდა: "მე მჭირდება ეს სიცოცხლე იმისთვის, რომ მივაღწიო ნირვანას და თუ ვინმე შეეცდება მის ხელყოფას, მე შემიძლია დავიცვა თავი”. ბოდხიდხარმამ შეასწავლა თავის მოსწავლეებს საბრძოლო ხელოვნება, რომელიც შემდეგ შაო-ლინის კუნგ-ფუს სახელით გახდა ცნობილი. ჩინეთიდან ჩან-ბუდიზმი იაპონიაში გავრცელდა. იაპონელებმა თავიანთი ჩვეულებისამებრ მაქსიმალურად მარტივი და პრაქტიკული გახადეს იგი და ძენ-ბუდიზმი უწოდეს. დღესაც იაპონიაში ძენ-ბუდიზმი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა.
საქართველოში ბუდიზმი არ გავრცელებულა, თუ არ ჩავთვლით "ბალავარიანს” ანუ "სიბრძნე ბალაჰვარისი”. ეს არის ბუდას ცხოვრების ლეგენდადქცეული ამბის მიხედვით შექმნილი ნაწარმოები, რომელიც ნაწილობრივ ითარგმნა და დამოუკიდებელი სახით დამუშავდა ქართულად უცნობი ავტორის მიერ. XI საუკუნეში ქართული "სიბრძნე ბალაჰვარისი” თარგმნა ბერძნულად ექვთიმე ათონელმა (მთაწმინდელმა). ბერძნულის მეშვეობით ეს ნაწარმოები მთელ იმდროინდელ საქრისტიანოს მოეფინა და შუა საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი იყო, როგორც "ფრიად სარგებლიანი სულისანი”.
კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: modivisaubrot (26.03.2010)
ნანახია: 815 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2017