შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 175

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0




პარასკევი, 26.04.2024, 02:03
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოდი ვისაუბროთ
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ტანტრა - მოგზაურობა შეუცნობელში
ტანტრა – მოგზაურობა შეუცნობელში 
გსმენიათ რამე ტანტრას შესახებ? თუ გსმენიათ, ალბათ ისევ ტანტრას სასტიკი მოწინააღმდეგებისაგან, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამორალურ, გარყვნილ, ცრუ, სატანისტურ და სხვა მსგავსი ეპითეტებით ამკობენ მას, ანდა ისეთი "მომხრეებისგან” და "მიმდევრებისგან”, რომლებიც ტანტრაში მხოლოდ სექსს ეძებენ და ხედავენ. არც ერთ და არც მეორე ტიპის ადამიანების წარმოდგენებთან ტანტრას არაფერი აქვს საერთო.
ტანტრა ინდური წარმოშობის მოძღვრებაა. მისი სრული სახელია ვიგიანა ბხაირავა ტანტრა და ნიშნავს ცნობიერების ფარგლებს გარეთ გასვლის მეთოდს. ტანტრა თავის თავში არ შეიცავს არც მსოფლმხედველობას, არც რწმენას, ვინმეს ან რაიმეს სამსახურს ან თაყვანისცემას, არც ფილოსოფიას, დოგმებს ან მორალს. ეს არის უბრალოდ მეთოდი, გზის მაჩვენებელი მათთვის, ვისაც შეუცნობელში მოგზაურობა განუზრახავს. ამ გზაზე მეგზურები სიყვარული და სიწმინდეა. სიყვარული არა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, არამედ ისეთი, ქრისტეს სახარებაში რომ არის აღწერილი. ტანტრას სიწმინდეც განსხვავდება ჩვენი წარმოდგენებისგან სიწმინდეზე.
ყველა რელიგიაში და საერთოდ, ადამიანთა ცნობიერებაში ყოველი არსი და ქმედება ან კარგია, ან ცუდი. ან თეთრია, ან შავი. დადებითი ან უარყოფითი. წმინდა ან ბილწი. ქრისტიანისთვის, მუსლიმანისთვის, იუდეველისთვის ეს კატეგორიები განსხვავდება თავისი კრიტერიუმებით და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოც არის; მაგალითად, მუსლიმანისთვის ღვინის სმა და ღორის ხორცის ჭამა სიბილწეა, ხოლო მრავალცოლიანობა – არა. ქრისტიანისთვის კი პირიქით. კრიშნაიდისთვის ხომ საერთოდ, ხორცის ჭამაც, ალკოჰოლიც, მრავალცოლიანობა და კიდევ მრავალი სხვა უწმინდურების ნიშანია, სამაგიეროდ ძროხის ნაკელია წმინდა, რასაც ვერაფრით ვერ დაეთანხმება იუდეველი.
დიახ, ადამიანთა აზროვნებაში "წმინდა” და "უწმინდური” განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ერთი რამ კი საერთო აქვთ მათ: "რაც კარგია - წმინდაა და რაც ცუდია - უწმინდური, ხოლო კარგის და ცუდის გარჩევა მხოლოდ მე ვიცი და სხვა არავინ”, - ასე ფიქრობს თითოეული მათგანი.
ტანტრა საერთოდ არ ანსხვავებს კარგს და ცუდს ერთმანეთისაგან. მაშ, რა არის წმინდა? ტანტრა გვეუბნება, რომ თუ შენ ყოფ სამყაროს კარგ და ცუდ ნაწილად, შენ უწმინდური ხარ და თუ არ ყოფ, წმინდანი. უმანკოება – აი რა არის სიწმინდე.
ალბათ გსმენიათ გამოთქმა – ბავშვივით უმანკო. რატომ არის ბავშვი უმანკო? ბავშვმა შეიძლება აიღოს სხვისი ნივთი, მაგრამ ამას არავინ ჩაუთვლის ქურდობად, რადგან მან ჯერ არ იცის ჩემი და შენი. ბავშვი დარბის დედიშობილა, მაგრამ არავინ უთვლის ამას ამორალურ საქციელად, რადგან ბავშვმა არ იცის, რა არის სირცხვილი. უმანკოება ცნობიერების მდგომარეობაა და არა ადამიანის მიერ ჩადენილი "კარგი” და "ცუდი” საქციელი. ბავშვი უმანკოა, რადგან მას არა აქვს უნარი და ცოდნა განასხვავოს კარგი და ცუდი ერთმანეთისგან. 
არავინ რჩება ბავშვურ უმანკოებაში. ეს ძალიან არასტაბილური მდგომარეობაა, ბავშვი იზრდება და ირყვნება. მშობლები და სხვა მოზრდილები დაჟინებით უმეორებენ, "ეს ცუდია, ეს არ შეიძლება”. შედეგად მასში ვითარდება დანაშაულის და სასჯელის კომპლექსი. რამდენიც უნდა ეცადოს, რომ კარგად მოიქცეს, არ შესცოდოს, ყოველთვის გამტყუნდება, რადგან ცოდვა მის ადამიანურ ბუნებაში დევს, ცოდვა, რომელიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა კანონი და მორალი. 
ტანტრა ამბობს, რომ თუ ადამიანი რაიმე გზით კვლავ დაემსგავსება ბავშვს, ის გახდება წმინდა. რა თქმა უნდა, ის ბავშვი ვეღარასდროს გახდება. ბავშვის უმანკოება არცოდნიდან მოდის, ხოლო მოზრდილი ადამიანის გონება უკვე მოწამლულია ცოდნით. ამ ცოდნის გაბათილება მხოლოდ ჭეშმარიტების შემეცნებით მიღებული სიბრძნით შეიძლება. 
ბავშვი უბიწოა უგუნურების გამო, ხოლო ბრძენი ადამიანი უბიწო ხდება სიბრძნის გამო. ჭეშმარიტი ბრძენი კვლავ ბავშვს ემსგავსება, მაგრამ იგი განსხვავდება ბავშვისაგან შეგნებით. დიახ, ცოდნა კეთილისა და ბოროტისა მავნეა და უსარგებლო, მაგრამ ეს აუცილებლად გასავლელი ეტაპია, რათა ადამიანმა გაცნობიერებით გადალახოს იგი და მივიდეს შეგნებულ უბიწოებამდე. 
გაცნობიერება და არა დათრგუნვა და უარყოფა – ეს არის ტანტრას მეთოდების საფუძველი. სამყარო სრულყოფილია. მასში ყველაფერი კეთილია და სასარგებლო, რადგან ყველაფერი ადამიანის სრულყოფას ემსახურება: სასიამოვნოც და არასასიამოვნოც,სიხარულიც და ტანჯვაც. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, ტანტრა თვლის, რომ ადამიანი კეთილია თავისი ბუნებით. ისეთი, როგორიც არის. არ არის საჭირო გარედან თავსმოხვეული პრინციპები და ნორმები. ნებისმიერი ადამიანური თვისება შეიძლება გამოყენებული იქნას სულიერი ზრდისთვის, თუ მას გონივრულად მივუდგებით; იქნება ეს სექსი, აგრესია თუ სხვა რამ. ჩახშობით არაფერი გამოვა. სარეველას თუ მიწას წავაყრით, ამით მოისპობა იგი? ცოტა ხანს დაიმალება, მაგრამ შემდეგ კვლავ ამოვა გამრავლებული და გაძლიერებული. სარეველას ძალა მის ფესვებშია, ხოლო ფესვები სულაც არ არის ის, რასაც მიწის ზედაპირზე ვხედავთ და ვებრძვით. ჩვენი ცნობიერების ფესვებს თუ ჩავყვებით სიღრმეში, აღმოვაჩენთ, რომ პრობლემა სულ სხვა რამეში ყოფილა, ვიდრე გვეგონა. პრობლემა კი ერთია: უგუნურება, რასაც ადამიანები გონიერებას ეძახიან. 
შეგიძლიათ ლოტოსის ყვავილში ტალახი აღმოაჩინოთ? ის მხოლოდ მშვენიერებისგან და სასიამოვნო სურნელისგან შედგება. ლოტოსში ვერ იპოვით მყრალ წუმპეს, მაგრამ იგი სწორედ ამ წუმპედან ამოვიდა, ასეთი ნაზი და მშვენიერი. ასევე შესაძლებელია ადამიანის ტრანსფორმაცია. 
ტანტრისტული ლეგენდა მოგვითხრობს: დუქანში მაგიდას უჯდა ორი წმინდანი. სადილობდნენ და მასლაათობდნენ: "სამყარო სრულყოფილია” – თქვა ერთმა. "უდაოდ სრულყოფილია და მშვენიერი” – მიუგო მეორემ. ამ დროს მათ გაცეცხლებული კუზიანი მათხოვარი მიუახლოვდა: "მე ვარ სრულყოფილი? მე ვარ მშვენიერი? შემომხედე რას ვგავვარ?! წმინდანმა შეხედა და . . . "შენ ყველაზე სრულყოფილი კუზიანი ხარ ყველა კუზიანს შორის” – უთხრა.
ტანტრა თვლის, რომ არ არის საჭირო იზრუნო იმისთვის, რომ რაიმე შეცვალო შენს ცხოვრებაში, გარშემო მყოფ ადამიანებში ან შენში. ებრძოლო პრობლემებს ან თავი დაიცვა. პირიქით, საჭიროა, მთლიანად მიიღო ყოფიერება ისეთი, როგორიც არის, ტოტალურად დანებდე მას და აღიქვა, შეიცნო იგი მიუკერძოებლად, "კარგად” და "ცუდად” დაყოფის გარეშე.
ტანტრა არ პასუხობს შეკითხვებზე: როგორია სამოთხე, რას გრძნობს სრულყოფილი ან გასხივოსნებული ადამიანი, რა არის ნეტარება, რა არის ყოფიერების არსი, არის თუ არა ღმერთი, თუ არის როგორია და მისთანანი. "როგორ შეიძლება უსინათლოს აუხსნა, როგორია ცისარტყელა? აი მალამო, წაიცვი თვალებზე, აგეხილება და შენ თვითონ დაინახავ” – ამბობს ტანტრა. 
ტანტრა იძლევა ასეთ მალამოს: ეს არის მედიტაციები, რომლებიც ეხმარება მაძიებელ ადამიანს გაიფართოვოს ცნობიერება და გავიდეს მის მიღმა. ტანტრაში უამრავი მედიტაციაა: ზოგი მათგანი იოგას სუნთქვით ვარჯიშს წააგავს, თუმცა პრინციპი სულ სხვაა. ზოგი შეყვარებულებს შორის სექსის ენერგიას იყნებს ტრანსფორმაციისთვის. ფართოდ იყენებს ტანტრა ხელოვნებას – მუსიკას, ცეკვას, ფერწერას; იმ სიხარულის, ბედნიერების განცდას, რასაც ადამიანი განიცდის შემოქმედებით პროცესში. თითოეული მედიტაცია გათვლილია გარკვეული ტიპის ადამიანზე ისევე, როგორც ყველა კლიტეს თავისი გასაღები ჭირდება, მაგრამ გასაღები თუ სწორად არ მოარგე, კლიტეს მაინც ვერ გააღებ. 
საინტერესოა ასეთი ფაქტი; ერთ დროს ბუდისტებმა შეისწავლეს და დაიწყეს ტანტრისტული მედიტაციების გამოყენება, მაგრამ ამან მალე დიდი არევდარევა გამოიწვია ბუდისტურ მონასტრებში. მაშინ ბუდისტმა ლიდერებმა და მასწავლებლებმა დაწვრილებით შეისწავლეს ამ არევ-დარევის მიზეზები და დაადგინეს, რომ ტანტრას მეთოდების გამოყენება მხოლოდ მაღალ სულიერ საფეხურზე მყოფი ბერებისთვის იყო მიზანშეწონილი. რატომ? საქმე ისაა, რომ ბუდისტული ტრადიცია მოითხოვს ღრმა სულიერ და ფიზიკურ დისციპლინას, სიამოვნებებზე უარის თქმას, თავშეკავებას, მედიტაციებს, მარხვას. ამ ყველაფრის კეთება სულაც არ არის სახალისო და სასიამოვნო, განსხვავებით ტანტრისტული ტრადიციისგან, რომლის მეთოდებშიც სწორედ სიხარულსა და სიამოვნებას განიცდის ადამიანი, მაგრამ სწორედ ამაში იყო პრობლემა: ბერები ისე გაიტაცა სიამოვნებამ, რომ სულ გადაავიწყდათ მთავარი მიზანი – სულიერება და დაეცნენ. დიახ, ტანტრაში არის ეს ცდუნება. ამიტომაც ვერ იტანენ მას სხვა რელიგიის წარმომადგენლები.
ტანტრაში წარმატების მიღწევა მხოლოდ ძლიერი სულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ! 
რაშიც ის ადვილი გვეჩვენება, სწორედ იმაშია მისი სირთულე. ნურავის ეგონება, რომ თუ ხელში ჩაიგდო თუნდაც გადასარევად დაწერილი ტანტრას სახელმძღვანელო, უკვე შეუძლია ტანტრისტი გახდეს. ტანტრას ტრადიციაში აუცილებელია მოსწავლის მუდმივი ურთიერთობა გასხივოსნებულ მასწავლებელთან, ამასთან აუცილებელია ღრმა სიყვარული და უსიტყვო მორჩილება. მოსწავლე მასწავლებლის ჩრდილად უნდა იქცესო, ამბობს ტანტრა.
შესაძლოა, რომელიმე თქვენგანს დაებადოს შეკითხვა: "სად ვიპოვო გასხივოსნებული მასწავლებელი?” შეკითხვაზე პასუხი ასეთია: "თუ შენი გული მზად არის იმისთვის, რომ ჭეშმარიტების სიყვარულით სხვა ადამიანს ტოტალურად ჩაბარდე და დამორჩილდე, მასწავლებელი აუცილებლად გამოჩნდება და შენ მას იცნობ”. თუ ადამიანი არ მოიძებნება, თვითონ ღმერთი ჩამოვა შენთან ადამიანის სახით და გახდება შენი მასწავლებელი, მაგრამ თუ მზად არ ხარ, საერთოდ შეეშვი ტანტრას. ნურც კარგს იტყვი მასზე და ნურც ლანძღვას დაუწყებ. შენს პრობლემებს ტანტრას ნუ გადააბრალებ და ნურც შენი ფარული ვნებების და სურვილების დასაკმაყოფილებლად შეეცდები მის გამოყენებას”. …
კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: modivisaubrot (26.03.2010)
ნანახია: 1471 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 2
2 ninuca  
0
sainteresoa...oshoc msgavsi xazit warmartavs msjelobas : )

1 ინა  
0
"მშობლები და სხვა მოზრდილები დაჟინებით უმეორებენ, "ეს ცუდია, ეს არ შეიძლება”. შედეგად მასში ვითარდება დანაშაულის და სასჯელის კომპლექსი. "

ჩემ დის შვილს,რომ ვუყურებ მეცოდება რაღაცნაირად :) ისეთი ლამაზია და სად იზრდება.


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024