შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 175

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0




კვირა, 02.02.2025, 11:52
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოდი ვისაუბროთ
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ლაო-ძი

ლაო-ძი: " რაც მეტია კანონი და ბრძანება,
მით მეტია ქურდი და ავაზაკი”
  
  ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ჩინეთის შორეულ საზღვარზე მდებარეობდა საგუშაგო, რომლის გავლითაც ტიბეტისკენ მიმავალი მგზავრი მოხვდებოდა იმ უხილავ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობდა სივანმუ – დედა დედოფალი დასავლეთისა. როგორღაც ერთხელ საგუშაგოს უფროსმა შენიშნა, რომ აღმოსავლეთიდან ანუ ქვეყნის სიღრმიდან მისკენ მოიწევდა არაჩვეულებრივი იისფერი ღრუბელი. საგუშაგოს უფროსი გუან-ინი განათლებული კაცი იყო და მაშინვე მიხვდა რას აუწყებდა ეს – საგუშაგოს უახლოვდებოდა დაოს კაცი. მართლაც, მალე გამოჩნდა ხარზე ამხედრებული ახოვანი მოხუცი. ეს იყო ლაო-ძი. როცა შეიტყო გუან-ინმა, რომ ლაო-ძი სამუდამოდ ტოვებდა ჩინეთს, რათა განშორებოდა წუთისოფელს ტიბეტში, ასე მიმართა მას: "ნუთუ, ისე უნდა წახვიდე, რომ არაფერი დატოვო შენს მერე? გთხოვ, დაგვიტოვე მოძღვრება დაოს შესახებ”. ლაო-ძი უარზე იყო. მან იცოდა, რომ შეუძლებელია დაოს სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ გუან-ინი გაჯიუტდა და უთხრა, რომ არ გაატარებდა საზღვარზე, სანამ არ დაწერდა რამეს. ლაო-ძი დაყვა ახირებული მესაზღვრის ნებას და დაწერა ხუთი ათასი სიტყვისგან შემდგარი "დაო დე ძინი”, რის შემდეგ მდუმარედ და აუჩქარებლად გააგრძელა გზა მარადისობაში. ლეგენდის მიხედვით, სწორედ იმ წელს დაბადებულა ინდოეთში ბუდა. მრავალი წლის შემდეგ სწორედ ამ გზით ინდოეთიდან ჩინეთში ბოდხითხარმამ მოიტანა ბუდას მოძღვრება და დააარსა ჩან-ბუდიზმი. "დაო დე ძინი” არის ძირი და საფუძველი იმისა, რაზეც აღმოცენდა დაოსური რელიგია და ფილოსოფია, რაც უკვე 25 საუკუნეა ცოცხლობს ჩინეთში. როგორც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი მეცნიერი აღიარებს, "დაო დე ძინი” წარმოადგენს საუკეთესო ძეგლს ძველი ჩინური ფილოსოფიური აზრისა და აზროვნების სიღრმით   იმსახურებს აღიარებას არა მხოლოდ ჩინურ, არამედ მსოფლიო ფილოსოფიაშიც. ამ ერთ ციცქნა წიგნზე აშენდა უზარმაზარი შენობა დაოსური მოძღვრებისა, რამაც უდიდესი კვალი დაამჩნია ჩინურ სულიერ კულტურას და მისი ყოფის ყველა სფეროს.
"დაო დე ძინს” კაცობრიობის მარადიული საგანძური უწოდეს; დღიდან შექმნისა, უწმინდეს და საკრალურ წიგნად შერაცხეს ჩინეთში. ერთხელ, როცა ჩინეთის ერთმა იმპერატორმა ბრძოლა გამოუცხადა დაოსიზმს და სახალხოდ დაწვა ყველა დაოსური წიგნი, "დაო დე ძინი” ხელუხლებელი დატოვა. მისთვის იგი წმიდათაწმინდა იყო.
ამ წიგნს ხშირად გადმობრუნებულ პირამიდის წვერს ადარებენ, ხოლო დაოსიზმს – პირამიდას. გავბედავ და   ვიტყვი: "დაო დე ძინს” არაფერი აქვს საერთო დაოსიზმთან, ხოლო თვითონ "დაო დე ძინი” , დაოს მკრთალი აჩრდილია მხოლოდ. ასეთი მოვლენა ხშირია მსოფლიო რელიგიის ისტორიაში. დაოსიზმი რელიგიური ფილოსოფიაა, ანუ ფილოსოფიური რელიგია. თავისი მსოფლმხედველობით იგი იმპერსონალისტურია (ღმერთს უპიროვნო სახით აღიქვამს). დაოსიზმი კონფუციზმთან ერთად უმთავრეს რელიგიურ სახელმწიფოებრივ მოძღვრებად იქცა ჩინეთში, თუმცა, მათ შორის უდიდესი განსხვავებაა: კონფუციანიზმი (მისი დამაარსებელის- კონფუცის გამო დაერქვა) უფრო ეთიკურ-მორალისტურ-პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ხოლო დაოსიზმი მისტიკური, ტრანსცენდენტალურია. 
ლეგენდამ შემოგვინახა ლაო ძისა და კონფუცის შეხვედრის ისტორია. მაშინ ლაო ძი 88 წლისა ყოფილა, ხოლო კონფუცი – 35-ის. 
კონფუციმ ადამიანური ქვეყნების ავ-კარგსა და მორალურ ნორმებზე წამოიწყო საუბარი. მედიდურად მოსთხოვა ლაო ძის განემარტა მისთვის, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ლაო ძიმ მიუგო: " მსმენია, რომ ჭკვიანი ვაჭარი მალავს თავის სიმდიდრეს და   ისე უჭირავს თავი, თითქოს არაფერი ებადოს, ასევე მაღალი ზნეობის ბრძენი მრავალ ღირსებას ფლობს, მაგრამ ცდილობს, გარეგნობაში არ გაამჟღავნოს თავისი ზნეობა და სიბრძნე. უკუაგდე შენი სიამაყე, შენი ვნებები და მედიდურობა. ყოველივე ეს არ მოგიტანს სარგებლობას... სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ისინი მხოლოდ მალავენ სისასტიკეს და ამწუხრებენ ადამიანთა გულებს... ცა და მიწა ბუნებრივად ინარჩუნებენ უცვლელობას, მზე და მთვარე ბუნებრივად ანათებენ, ხეები ბუნებრივად იზრდებიან. მტრედი თეთრია არა იმიტომ, რომ ყოველდღე ბანაობს; ყვავი შავია არა იმიტომ, რომ იღებება. სამყაროში ბუნებრივად არსებობს წესრიგი და ჰარმონია. ეს თქვენ ქმნით ქაოსს თქვენი "წესრიგით" და "მორალით", თქვენი შეთითხნილი კანონებით და ზნეობით. მოძღვარი ამით მხოლოდ აწუხებს ადამიანებს!”
ამ შეხვედრის შემდეგ სამი დღე დუმდა თურმე კონფუცი. თავის მოწაფეებს უბრძანა ახლოს არ გაკარებოდნენ ლაო ძის. 
"ის გაანადგურებს თქვენს გონებას, ის ნამდვილი დრაკონია, მას ვერაფრით გაუმკლავდები” – უთხრა თავის მოწაფეებს.
მოსწავლეები ლაო-ძისაც ყავდა. იგი ურჩევდა მათ არ ემოგზაურათ და არ გაევრცელებინათ მისი მოძღვრება.
"ბრძენი კაცი იშვიათად ამჟღავნებს თავის ნიჭიერებას და მხოლოდ თავისი არსის სრულქმნისთვის იღვწის” – ამბობდა იგი.
მაგრამ ჭეშმარიტება(დაო), ლაო-ძისგან სწორედ მის მოსწავლეებს ერგოთ და არა დაო დე ძინზე აღმოცენებულ უზარმაზარი პირამიდის – დაოსიზმის მიმდევრებს.
ერთი ლეგენდის მიხედვით, იმპერატორი, ვერაფრით რომ ვერ მიიზიდა ბრძენი სასახლეში, თავად ეწვია მას. ლაო ძიმ თაყვანი არ სცა. "თუმცა წმინდანი ხარ, - მიმართა იმპერატორმა, - მაინც ჩემი ქვეშემრდომი ხარ, ჩემზეა დამოკიდებული სიმდიდრე და გამოჩინება შენი”.
ლაო-ძი აიწია ჰაერში და შეჩერდა ღრუბლებში. მარცხენა ხელი ცისკენ აღაპყრო, მარჯვენა მიწისკენ და თქვა: ზევით – ცაში და ქვევით – მიწაზე მხოლოდ დაოა თაყვანისცემის ღირსი. ახლა, როცა მაღლა ვარ და მიწას ფეხს არ ვაკარებ, ჰაერით გარემოსილი, რას წარმოადგენს სახელმწიფო, სიმდიდრე და გამოჩინება შენი?”. ამის მნახველი იმპერატორი თავად ეთაყვანა ლაო-ძის.   
დაო – აბსოლუტური დასაბამი, შემქმნელი ყოველი არსისა, ყოველთვის პირველმიზეზია. იგი მარადიული ყოფიერებაა, ჭეშმარიტება, სრულყოფილება და გზა სრულყოფილებისკენ.


"დაო რომ გვეხილა, დაო არ იქნებოდა უცვლელი. სახელი რომ გვებოძა, სახელი არ იქნებოდა უცვლელი. ჭეშმარიტად ვინც დაიპყრა ვნებები, იხილა დაო დაფარულისა”.

რაც მეტია აკრძალვა: მით მეტია სიღარიბე. რაც მეტია იარაღი, მით მეტია ამბოხი. რაც მეტია ცრუბრძნობა, მით მეტია სიხარბე. რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი”.

"ამიტომაა: ყოვლადბრძენი დაიკრებს ყველას ცოდვებს და საზღაურად არაფერს ითხოვს. ვინცა ფლობს უმაღლეს სათნოებას, დაიკრებს ცოდვებს და ეწამება. ვინც არ ფლობს უმაღლეს სათნოებას, ვერ დაიკრებს ცოდვებს და ვერ ეწამება”.

"ჭეშმარიტი სიტყვა არ არის ლამაზი. ლამაზი სიტყვა არ არის ჭეშმარიტი. ზნემაღალი კაცი არ დავობს. ვინცა დავობს, არ არის ზნემაღალი. ბრძენი სიბრძნეს ფლობს და დუმს. უმეცარი – უმეცრებას და ქადაგებს”.
კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: modivisaubrot (26.03.2010)
ნანახია: 1885 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2025