შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 175

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0




ხუთშაბათი, 18.04.2024, 15:28
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოდი ვისაუბროთ
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ქართველი ქალის კულტი
 ალბად, ბევრს გსმენიათ ამ ყბადაღებული ქართველი ქალის კულტის შესახებ.   ეს ალბად, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ქალები შესანიშნავად გრძნობენ თავს და პრივილეგირებული მდგომარეობა უკავიათ, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. საქართველოში არის არა ქალის კულტი, არამედ იმ ქცევის ნორმების და ჩარჩოების კულტი, რომელთა დარღვევის უფლება ქართველ ქალს არა აქვს და თუ გაბედავს და დაარღვევს, ასევე ქართული ტრადიციების მიხედვით ქალს, რომელსაც გუშინ აღმერთებდნენ, მასზე პოემებს თხზავდნენ და მის სადღეგრძელოებს სვავდნენ განსხვავებული სასმისით, (ლამფის შუშით ან კრამიტით მაგალითად) გააშიშვლებენ, ვირზე უკუღმა შესვავენ, სოფელ-სოფელ ატარებენ, აფურთხებენ, ლაფში ამოსვრიან, აგინებენ და თუ მანამდე არ მოკვდა ტანჯვისა და დამცირებისგან, ბოლოს ქვებით ჩაქოლავენ. ასეთი გახლავთ ქართული, ეროვნული, მამაპაპური ტრადიცია. რა თქმა უნდა, დღეს ასეთი სახით აღარ სრულდება დამსჯელი ოპერაციები მეამბოხე ქალების წინააღმდეგ, მაგრამ აზროვნება და დამოკიდებულება იგივე დარჩა. ტრადიცია გრძელდება! 
რა სახე აქვს დღეს ამ ტრადიციას?
  ქალი დაბადებიდან გარდაცვალებამდე მუდმივად ვიღაცის ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. სანამ გათხოვდება, მას აკონტროლებენ ოჯახის წევრები და ნათესავები. თუ გათხოვდა _ ქმარი, ქმრის ნათესავები, მეგობრები, მეზობლები და ისევ საკუთარი ნათესავებიც.
  თუნდაც არ გათხოვდეს, ან ქმარს გასცილდეს, ის ვერ იცხოვრებს მარტო, ის ვერ იცხოვრებს ცალკე, დამოუკიდებლად, სანამ მიხრწნილ ბებერად არ გადაიქცევა. ანუ, კაცების თვალში ინტერესს არ დაკარგავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალი, რომელიც მარტო ცხოვრებს, `მონადირე~´კაცების და ჭორიკანა მეზობლების მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება.
ქართველ მამაკაცს შეუძლია რამდენიც უნდა იმდენი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდეს სხვადსასხვა ქალებთან, სანამ თავის ცხოვრების თანამგზავრს (ანუ "მონა-პოვარს”) აირჩევდეს და ეს მას მრუშობაში არ ეთვლება. ხოლო ქალი, თუ ის აბსოლუტურად უბიწო, ანუ ქალწული არ არის, მას გათხოვების ძალზე მცირე შანსი აქვს, რადგანაც უკვე `სახელგატეხილად~ ითვლება და ვაი მისი ბრალი, თუ ქმარი ქორწილის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მისი ძვირფასი და საყვარელი მეუღლე თურმე `ქალიშვილი~ არ ყოფილა. ამიტომაც ასე ძლიერია საქართველოში ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტი. ქართველი მამაკაცებისთვის საქალწულე აპკის გარეშე ქალის ცოლად შერთვა (თუ განათხოვარი არ არის) დიდ სირცხვილად ითვლება. 
ქორწინებამდე სექსი ამორალურად ითვლება. ამიტომ საქართველოში ქორწინება ლატარიასავითაა: ან გაგიმართლებს, ან არა.   ცივილიზებულ საზოგადოებაში ქალი და მამაკაცი, სანამ გადაწყვეტენ შეუღლებას, საკმაო ხანს ცხოვრობენ ერთად, აქვთ სრულფასოვანი სექსუალური ურთიერთობაც, რათა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. რადგან, რაც არ უნდა უკომპლექსო იყო, არსებობს ხასიათების შეუთავსებლობა და არსებობს სექსუალური შეუთავსებლობა. ამიტომ საჭიროა წინასწარ გაირკვეს ყველაფერი. საქართველოში ვინ გაცლის ამას? როგორც კი შეამჩნევენ, რომ ქალ-ვაჟი ერთმანეთს ხვდება, შეიყრებიან გოგოს მშობლები, ნათესავები და კატეგორიულად მოითხოვენ: ან დაქორწინდით, ან საერთოდ ნუღარ შეხვდებით ერთმანეთს. ახალგაზრდა წყვილიც დგავს ნაჩქარევ ნაბიჯს და შედეგი _ ან განქორწინება, ან ბედს შეგუება და მთელი სიცოცხლე ერთმანეთის ატანა გრძნობებისა და ინტიმის გარეშე. და რა ქნას ბოლოს და ბოლოს ქართველმა ქალმა? ვთქვათ, დათმო თავისი ქალწულობა, გარისკა და დათანხმდა ქორწინებამდე სექსზე. ვაი თუ აღარ ისურვა ვაჟმა მისი ცოლად შერთვა _ სად წავიდეს, ვიღას სჭირდება ასეთი?! 
  ქალიშვილობის ინსტიტუტის გამოა გავრცელებული საქართველოში ქალზე ძალადობის ყველაზე მახინჯი ტრადიცია _ მოტაცება. იცის `ბიჭმა~, რომ თუ გოგოს მოიტაცებს და თუნდაც ერთ ღამეს სადმე ამყოფებს, გინდაც არაფერი გამოუვიდეს მასთან, გოგოს სახელი უკვე გატეხილი ექნება და მას სხვა გზა აღარ რჩება, რომ ცოლად გაჰყვეს მოძალადეს. 
გოგონას მშობლები კი, არა თუ არ უჩივლებენ გამტაცებელს, რათა საკადრისად დაისაჯოს სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, პირიქით, თვითონ არწმუნებენ თავიანთ ქალიშვილს, რომ გადაყლაპოს დამცირება, ძალადობა, ბედს შეურიგდეს და მისთხოვდეს მოძალადეს. ანუ როგორც იტყვიან ხოლმე, `დარჩეს~. არავის აინტერესებს ამ დროს, იქნებ, გოგოს სხვა მოსწონდა? იქნებ, შეყვარებულიც ჰყავდა? მაგრამ მისი შეყვარებული მოისურვებს კი, ამ ყველაფრის მერე მის ცოლად შერთვას?
  ხშირია ასეთი ტრაგიკომიკური სიტუაციებიც: როცა რაიმე სპეციფიკური ქირურგიული ოპერაციის შედეგად ქალს ერღვევა საქალწულე აპკი, ის ექიმებისგან ითხოვს ცნობის გაცემას, რომ ეს მისი `ბრალი~ არ იყო. საკმაოდ პოპულარული გახდა აპკის აღდგენის ოპერაციებიც.
  ქორწინების შემდეგაც ქმრების უმრავლესობა ღალატობს თავის ცოლებს და ამის გამო რაიმე განსაკუთრებულ სინდისის ქეჯნას არ განიცდის. ცოლების უმეტესობა შეგუებულია ამ სიტუაციას და ცდილობს არ შეიმჩნიოს, რომ ყველაფერს ხვდება, მაგრამ საკმარისია გამოაშკარავდეს, რომ ცოლმა უღალატა ქმარს, მას ელის საშინელი რისხვა ქმრისაგან და მთელი საზოგადოებისაგან, თქვენ გგონიათ, ამის გამო ნაკლებია ქმრების მოღალატე ან მეძავი ქართველი ქალების რაოდენობა? რაც არ უნდა მორალისა და ტრადიციების წნეხის ქვეშ მოაქციო, ადამიანის ბუნება იგივე რჩება, რაც იყო. პირიქით, აკრძალული ხილი ყოველთვის მიმზიდველია და სასურველი.
  ეს ყბადაღებული ქალის კულტი მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცების გამოგონილი ეშმაკობაა და მეტი არაფერი. რეალურად კი, თვით საკუთარ დაბადების დღესაც, ქალი დილიდანვე ბაზარში გარბის და საჭმელებს ამზადებს, სუფრას აწყობს, რომ მამაკაცებმა იქეიფონ. თვითონ კი ზოგჯერ თუ მიუახლოვდა სუფრას, როცა იუბილარის ან ქართველი ქალის სადღეგრძელოს ამბობენ განსხვავებული სასმისებით და ისევ უბრუნდება სამზარეულოს, რადგან ჭურჭელია დასარეცხი, ბავშვები მოსასვლელი და გალეშილი ქმარი ლოგინამდე მისათრევი...……
განსაკუთრებით აღსანიშნავია სექსუალური აღზრდის და საერთოდ, სექსის მიმართ დამოკიდებულების პრობლემები. ბავშვებთან როგორც წესი, სექსი აკრძალული თემაა. 
ტიპიური სურათი ქართულ ოჯახში: მთელი ოჯახი უყურებს ტელევიზორს, მაგრამ როგორც კი რაიმე ინტიმური მომენტი იწყება, ბავშვებს უბრძანებენ გარეთ გასვლას, ან თვალების დახუჭვას და როგორც წესი, დედა იწყებს ქოთქოთს; `ფუი, ეგ უსირცხვილოები! ეგ უნამუსოები, რას შვრე-ბიან!..~ და ა.შ.
ერთხელ ერთ გოგონას ღამე გამოეღვიძა და დაინახა, რომ მისი მშობლები იგივეს აკეთებდნენ, რასაც ასე თავგამოდებით ლანძღავდნენ ტელევიზორთან. ამის შემდეგ   გოგონას სამუდამოდ შესძულდა მშობლები და ბოლოს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა..
ვინ გაბედავს უარყოს, რომ მშობლებს ყოველთვის კარგი უნდათ შვილებისთვის. თავიანთი "ზრუნვით” იმხელა შიშს, სირცხვილს, ზიზღს, სიძულვილს უნერგავენ სექსის მიმართ შვილებს, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებენ, როგორ აყალიბებენ მომავალ იმპოტენტებს და ფრიგიდულებს _ უკეთეს შემთხვევაში, ხოლო უარეს შემთხვევაში _ ფსიქიურ ავადმყოფებს, პათოლოგებსა და მანიაკებს. 
  ასეთი აღზრდის მთავარი მსხვერპლი გოგონები არიან. მათზე ხომ განსაკუთრებულად "ზრუნავენ” მშობლები! `დრო მოვა და ყველაფერს თვითონ გაიგებს!~ _ იმშვიდებენ თავს. რა ხდება, როცა დრო მოდის, ანუ როცა გოგონა თხოვდება? ბედი მისი, თუ გულისხმიერი და მომთმენი, ფსიქოლოგია-სექსოლოგიაში გარკვეული ქმარი შეხვდება და ნელ-ნელა, მოთმინებით მოუხსნის ყველა კომპლექსს. ბევრია საქართველოში ასეთი მამაკაცი? უმეტესობა ცოლს როგორც ნივთს, საკუთრებას ისე უყურებს. ვინც საჭმელი უნდა უკეთოს, ურეცხოს, დაულაგოს და ბავშვები გაუჩინოს. რა სექსუალურ ჰარმონიაზეა აქ ლაპარაკი?! მეტიც, ცოლი თუ ლოგინში ზედმეტ ვნებას გამოამჟღავნებს, ქმარი შეიძლება დაეჭვდეს კიდეც მის პატიოსნებაში. სექსუალურ ვნებას ქმარი საყვარელთან ეძლევა. საყვარელს შეუძლია იყოს ტემპერამენტიანი, აქტიური, უკომპლექსო, ცოლს _ არა.             …     
  მაგრამ ჩნდება უბრალო არითმეტიკული კითხვა: ერთ მამაკაცზე მოდის ერთი ცოლი და ერთი ან მეტი საყვარელი. ანუ, ერთ მამკაცზე მოდის ორი ან მეტი ქალი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ საქართველოში ბევრია შინაბერა ქალები. მაშ, საიდან ამდენი ქალი? იქნებ, სხვისი ცოლების ხარჯზე? გიკვირთ? აკი, ქართველმა ცოლებმა ბოლო დროს თურქეთშიც საკმაოდ ისახელეს თავი.. აკრძალული ხილი გემრიელია!   გახსოვთ?! 
სიცრუე და ფარისევლობა სდევს ადამიანს ბავშვობიდან სიბერემდე და საზოგადოებაც შესაბამისად ვითარდება. შემდეგ გიკვირს საიდან ამდენი ქურდობა, გაუტანლობა, ორპირობა, სისასტიკე, კორუფცია სახელმწიფოს მართვაში? ოჯახი ხომ სახელმწიფოს ქვაკუთხედია _ შეხედეთ რა ხდება ოჯახში და ნუღა გიკვირთ, რა ხდება სახელმწიფოში.
  დროთა განმავლობაში ქალები ეგუებიან უყურადღებობას, ღალატს ქმრებისგან. ოცნება ზღაპრულ პრინცზე, მარადიულ სიყვარულზე, ცხოვრების მეგზურზე არ განხორციელდა. ამიტომ შვილებში ცდილობს ახლა ქალი თავისი მისწრაფებების რეალიზაციას და სწორედ აქ გვევლინება იგი ერთგულ, მოსიყვარულე, მზრუნველ, შვილებზე გადადებულ... დესპოტად! შვილი მისთვის ყველაფერია! ყველაფერი, მაგრამ არა პიროვნება. მას არ აინტერესებს, რა უნდა მის შვილს, რა მოსწონს, რა იტაცებს.
  თუ დედა ოცნებობდა მუსიკოსობაზე და ვერ გამოვიდა, ესე იგი, მისმა შვილმა უნდა იაროს მუსიკაზე. მერე რა, რომ ბავშვს ჭირივით ეზარება მუსიკა. `გაიზრდება და გამოადგება. მერე მადლობას მეტყვის.~ ამ დროს კი შეიძლება ბავშვს საერთოდ არ ქონდეს მუსიკალური სმენა. მე შევხვედრივარ უამრავ კონსერვატორია დამთავრებულ ადამიანს, გახედვაც კი რომ არ უნდათ თავისი ინსტრუმენტისკენ და სულ სხვა პროფესიით არიან დაკავებულნი.
  ვინ გაუბედავს შეკამათებას _ დედას უყვარს შვილები და მათთვის მხოლოდ კარგი უნდა. ამიტომ, შვილის პირად ცხოვრებაშიც უხეშად ერევა: თვითონ ირჩევს მეუღლეს თავისი პირმშოსთვის. დედამ ხომ უკეთ იცის, ვისთან იქნება მისი შვილი ბედნიერი! არ მოწონს სიძე თუ რძალი? რა პრობლემაა, გაყრა ხომ შეიძლება! ამ სფეროშიც შესაშურ ფხას და მონდომებას იჩენენ ახლა უკვე სიდედრები და დედამთილები.       
  მთელი ტრაგედია ისაა, რომ ზოგიერთი მშობელი, რომელმაც თვითონ გადაიტანა საკუთარი მშობლებისაგან მსგავსი აგრესიული და უდიერი მოპყრობა, ცდილობს თავისი შვილების მიმართ მაინც არ იყოს ასეთი. გულრწფელად ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს და საბოლოო ჯამში ცვლის მხოლოდ დათრგუნვის ფორმას, მეთოდს, არსი კი იგივე რჩება. ამის მიზეზი ის არის, რომ დათრგუნულ ადამიანს არ შეუძლია მისცეს სხვას თავისუფლება, თუ ჯერ თვითონ არ განთავისუფლდა.
ყველანი ერთი და იგივე მოჯადოვებულ წრეში ტრიალებენ. მხოლოდ ერთეულებს, განსაკუთრებული მებრძოლი სულით და თავისუფლების სიყვარულით დაჯილდოვებულ ადამიანებს უდიდესი ძალისხმევის ფასად შეუძლიათ ამ წრიდან თავის დაღწევა. ქალები მათ შორის თითქმის არ არიან, ქალი სუსტი არსებაა. ამიტომ, ისევ ჩვენ, მამაკაცებს გვმართებს გავანთავისუფლოთ ისინი. მით უმეტეს, რომ რაც ხდება, ყველაფერი მამაკაცების მიერ შექმნილი სისტემის გამო ხდება და ეს ყველაფერი ბუმერანგივით გვიბუნდება უკან ჩვენი დედების და ცოლების სახით. _ `რასაც დასთეს, იმას მოიმკი~, `ვისაც ტყვედ მიყავს, თვითონაც ტყვედ წავა..~ 
მე არ მოგიწოდებთ სექსუალური რევოლუციისკენ. სულაც არ მინდა სექსუალურად დათრგუნული ერი სექსუალურად შეწუხებულ ერად გადაიქცეს. მე მხოლოდ მინდა სწორად გაკვალულ კალაპოტში მოექცეს ის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია გვინდა ეს თუ არ გვინდა და მისი დასრულებაც გარდაუვალია.
  გვინდა თუ არ გვინდა, დასავლური ცივილიზაციის ცხოვრების და აზროვნების წესი   მაინც აქტიურად იჭრება ჩვენს რეალობაში თავისი ფილმების, ლიტერატურის თუ ინტერნეტის საშუალებით და ფსიქოლოგიურათ მოუმზადებელი საზოგადოება ამ ნაკადს მტკივნეულად და მახინჯი ფორმებით ითვისებს.
  ასევე ჩვენი სურვილისდა მიუხედავად, ქალთა სოციალური და ფსიქო-სექსუალური მდგომარეობაც გარდაუვალად შეიცვლება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია საზოგადოების მეცნიერულ და მატერიალურ-ტექნიკურ განვითარებასთან.
უახლოეს წარსულში შრომის ნაყოფიერების ამაღლებამ და მძიმე ფიზიკური შრომის გაიოლებამ ნაყოფიერი გახადა ქალის შრომა და მისი შემოსავალი გაიზარდა იმდენად, რომ მიანიჭა ქალებს მატერიალური დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა მარტოხელა დედების რიცხვი _ ანუ, ქალებისა, რომლებიც ქმრების გარეშე ზრდიან შვილებს. ისინი არ დაქვრივებულან მათ, უბრალოდ, მოიშორეს ქმრები, როგორც ზედმეტი ტვირთი.
  ამ მხრივ სიტუაცია უფრო რადიკალურად შეიცვალა ამ ბოლო დროს საქართველოშიც. ახლა ძირითადად ქალები არჩენენ ოჯახს ხოლო კაცები კი უსაქმურობენ. ეს გარდაუვალად გამოიწვევს სოციალური ბალანსის შესაბამის ცვლილებებს.
თუ ნიაღვარს შენ თვითონ არ გაუკვალე გზა, ის თვითონ მაინც გაიკვლევს, მაგრამ გზად ყველაფერს დატბორავს, წალეკავს, ქვა-ღორღით ამოავსებს და დიდ ზიანს მოგვაყენებს.
კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: modivisaubrot (26.03.2010)
ნანახია: 2370 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 ninuca  
0
es yvelaferi marazmis yvelaze sazizgari gamovlinebaa,rac me piradad guls mirevs..magram imedi maqvs rom uaxloesi atwleulebis shemdeg amas problemis saxeli agar erqmeva... ცოლი თუ ლოგინში ზედმეტ ვნებას გამოამჟღავნებს, ქმარი შეიძლება დაეჭვდეს კიდეც მის პატიოსნებაში. სექსუალურ ვნებას ქმარი საყვარელთან ეძლევა. საყვარელს შეუძლია იყოს ტემპერამენტიანი, აქტიური, უკომპლექსო, ცოლს _ არა. << gasakutrebit sasacilo es aris : ))) tumca sasacilo ki ara satiralia...saertod arc minda aset sisuleleebze piqri..madloba gmerts eseti shegnebisgan da dogmebisgan shors vdgavar : )))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024